ლურჯი ვერსია

სტარტაპების სასაფლაო − მოემზადე მკაცრი რეალობისთვის

20 დეკემბერი 2019

არსებობს მოსაზრება, რომ ცხოვრებაში, ერთხელ მაინც, ყველას უჩნდება იდეა, რომელიც მილიონს იშოვიდა, თუმცა მის განხორციელებას მხოლოდ ერთეულები თუ ახერხებენ. ფეისბუკი, გუგლი, ინსტაგრამი და მრავალი სხვა პროდუქტი, ყოველდღიურად რომ ვიყენებთ, თავიდან მხოლოდ იდეა იყო, მერე კი მოხერხდა მათი ხორცშესხმა. იდეის რეალობად ქცევა არაერთ სირთულესთან არის დაკავშრებული, რის გამოც იდეები ხშირად იდეებადვე რჩება.


ინოვაციური სტარტაპებისთვის ორიგინალური იდეების მოსაფიქრებლად და განსახცორციელებლად მნიშვნელოვანი ფაქტორია გარემო, სადაც ერთმანეთს შეხვდებიან საერთო ინტერესებისა და სულისკვეთების მქონე, ერთი იდეის გარშემო გაერთიანებული ადამიანები.


ასეთი გარემოს საუკეთესო მაგალითებია სილიკონ ველის, ლონდონისა თუ ბერლინის ეკოსისტემები, სადაც მრავალი წარმატებული სტარტაპი შექმნილა. მათი მთავარი უპირატესობაა გარემო, სადაც ყველა − ყავის გამყიდველი, ინჟინერი, სტუდენტი თუ ტაქსის მძღოლი − სტარტაპის იდეაზე ფიქრობს და არ ეშინია ამ იდეების სხვებისთვის გაზიარება.


თუმცა, სტარტაპის წარმატებისთვის მხოლოდ კომფორტული გარემო, ცხადია, საკმარისი არ არის. ადრეულ ეტაპზე, მნიშვნელოვანია გაიგო, რამდენად ღირებულია შენი იდეა და რამდენად რეალურია მისი განხორციელაბა. ამისათვის საჭიროა იდეის ვალიდაციის კომპლექსური პროცესის გავლა. მხოლოდ ამის შემდეგ იწყება პროდუქტის შექმნის რთული გზა, რომელიც მუშაობის პროცესში წარმოშობილი ახალ-ახალი პრობლემების გადაჭრას გულისხმობს. სტარტაპების უმეტესობა სწორედ ამ პროცესში ყრის ფარ-ხმალს.


სტარტაპის სირთულეები პროდუქტის შექმნითაც კი არ მთავრდება. ბაზარზე პირველად გასვლა სტარტაპისთვის ის გარდამტეხი მომენტია, სადაც ლამაზი იდეები და წარმოდგენები სასტიკსა და დაუნდობელ რეალობას ეჯახება. ამ დროს შენმა იდეამ შეიძლება მილიონი იშოვოს, მაგრამ ასევე შეიძლება, სტარტაპების სასაფლაოზე აღმოჩნდეს.


სანამ ამ სტატიას კითხულობ, მსოფლიოში 40 ახალი სტარტაპი გაჩნდება; მათგან ოთხი საწყის ეტაპზევე ჩავარდება, 20, მიუხედავად იმისა, რომ, შესაძლოა, ინვესტორიც კი იპოვოს, ვერ მოახერხებს ბაზარზე გასვლას: ამოეწურება ფინანსური რესურსი, ვერ მოძებნის მომხმარებელს, დაეშლება გუნდი... დანარჩენი 15 სტარტაპი შეეწირება უხეირო მარკეტინგს, ხარჯვის არასწორ დაგეგმვას, არასწორი დროის შერჩევას... ორმოციდან მხოლოდ ერთმა სტარტაპმა შეიძლება მიაღწიოს ნამდვილ წარმატებას.


ყოველდღე მსოფლიოში 124 ათასამდე სტარტაპის იდეა იფუშება − ასეთია მწარე რეალობა. ასე რომ, ვიდრე სტარტაპს წამოიწყებთ, შეგიძლიათ სტარტაპანდერძი დაწეროთ. თუმცა, ამ რთულ გზაზე ისეთ ხალხსაც შეხვდებით, ვისაც თქვენი სჯერა და მზად არის, თქვენთან ერთად გასწიოს რისკი. ესენი არიან ინვესტორები, აქსელერატორები და ინკუბატორები, თუნდაც პირველი მომხმარებლები.


ამ სტატიის მიზანი სულაც არ არის სტარტაპების დაშინება. პირიქით, ჩვენ გვინდა მათი მოტივირება, რათა უფრო გააზრებულად, ჭკვიანურად, მიზანმიმართულად, შეუპოვრად, ჯიუტად იბრძოლონ წარმატებისთვის.


ყველაფერი დამთავრებულად ვერც სტარტაპების სასაფლაოზე ჩაითვლება. ნამდვილი სტარტაპერი ბრძოლის ველზე ხშირად ახალი იდეებით, ცოდნით, გამოცდილებით და მეტი შემართებით ბრუნდება ხოლმე.


რა არის მედიალაბი?


მედიალაბი არის სტარტაპების ინკუბატორი, რომელიც გამზადებს მკაცრი რეალობისთვის და ამ რთულ გზას შენთან ერთად მიუყვება.


თუმცა, როგორც გავარკვიეთ, ინკუბატორამდე სტარტაპს უამრავი პრობლემის გადალახვა უწევს. სწორედ ამიტომ მედიალაბში კომუნიკაციების სფეროს სტარტაპებისთვის მოქმედებს აქსელერაციის პროგრამა, რომელიც ღიაა განვითარების ადრეულ ეტაპზე მყოფი გუნდებისთვისაც.


გარემო რომ მნიშვნელოვანია, ამაზე შევთანხმდით. გარემო არ არის მხოლოდ ადგილი, მას ადამიანები ჰქმნიან. მედიალაბის საერთო სამუშაო სივრცე არის გარემო კეთილგანწყობილი, შემოქმედებითად მოაზროვნე, გაბედული, ადამიანებისთვის, სივრცე, სადაც freelancer-ები და მცირე სტარტაპგუნდები ხვდებიან საინტერესო ადამიანებს, ეხმარებიან და იდეებს უზიარებენ ერთმანეთს, ერთიანდებიან იდეის გარშემო და ერთად ეძებენ ამ იდეის განხორციელების ინოვაციურ გზებს.


თუ ფიქრობ, რომ შენი ადგილი აქ არის, მოდი.


რეგისტრაცია მედიალაბი

რეკომენდაციები

26 ნოემბერი

5G - ახალი შესაძლებლობების სამყარო

სიახლეები საზოგადოებას ხშირად აშინებს, აბნევს და ეჭვებს უჩენს, ამიტომ არ უნდა გაგვიკვირდეს ის ფაქტი, რომ ისეთი ინოვაციის დანერგვაში, როგორიც უსწრაფესი 5G ინტერნეტია, საზოგადოების ნაწილმა საფრთხე დაინახა და ამ შეგრძნებამ ისე მოიცვა, რომ კითხვის - „რა სარგებელს მოიტანს ეს უკანასკნელი?“ დასმაც არ ჩათვალა საჭიროდ და ბოლო თაობის ინტერნეტკავშირი უპირობო მტრად მიიღო.
25 ივნისი

მოუსვენრობა წარმატებისთვის: როგორ ცვლიან სამყაროს წამყვანი კომპანიები განვითარებული კომუნიკაციების წყალობით

​​​​​​​​​​​​​​მხოლოდ კომუნიკაციების სექტორის უნიკალურ შესაძლებლობებზე საუბრისას თუ გავაერთიანებდით ახალბედა ტიკტოკსა და ბებერ გუგლს, მუსიკალურ პლატფორმა სპოტიფაისა და საზიარო ტაქსების სერვის უბერს.