ლურჯი ვერსია

მოუსვენრობა წარმატებისთვის: როგორ ცვლიან სამყაროს წამყვანი კომპანიები განვითარებული კომუნიკაციების წყალობით

25 ივნისი 2020

მხოლოდ კომუნიკაციების სექტორის უნიკალურ შესაძლებლობებზე საუბრისას თუ გავაერთიანებდით ახალბედა ტიკტოკსა და ბებერ გუგლს, მუსიკალურ პლატფორმა სპოტიფაისა და საზიარო ტაქსების სერვის უბერს.

კომუნიკაციების სფერო არასოდეს ყოფილა ისე მრავალფეროვანი და მასობრივად ათვისებული, როგორც დღეს. სტარტაპერობაში კარგად გაწვრთნილმა ანტრეპრენერებმაც ზუსტად იგრძნეს, საით უბერავდა წარმატების ქარი და გადაწყვიტეს, ამ სფეროს მზარდი პოტენციალი საკუთარი საქმის სასარგებლოდ გამოეყენებინათ.

ზოგმა ეს თავის გადასარჩენად მოიმოქმედა, ზოგმა ბაზარზე არსებული სიცარიელის შესავსებად, ზოგმაც კი, უბრალოდ, იმიტომ, რომ შეეძლო.



სპოტიფაი (Spotify)

რიგით მეორე პლატფორმა პოდკასტებისთვის ეპლის შემდეგ

https://lh4.googleusercontent.com/5rybxgFgkpD3OtHNmgX4s4F3slG4fBvrDGDSKeVYQwXxtMw--n1GkuT3S82whN3UwUPaeD0g9K26Mxv__0pGjA6kOyVYynJI_EWJBkN8dPBgQGvqkFtfq7e29DFqpql-sZMh8Cfy
საქართველოში სპოტიფაის, ძირითადად, მუსიკალურ პლატფორმად იცნობენ, მაგრამ ზრდის შთამბეჭდავ მაჩვენებლს კომპანიამ შარშან სულ სხვა მიმართულების − პოდკასტების − დახმარებით მიაღწია.

მომხმარებლებისა თუ მწარმოებლების მხრიდან ამ სფეროთი დაინტერესება, ერთი მხრივ, იაფმა წარმოებამ, ხოლო მეორე მხრივ − ცხოვრების დაჩქარებულმა ტემპმა გამოიწვია. ამას დაემატა მსხვილი კომპანიების მიერ პოდკასტებში რეკლამის გახშირებული განთავსება, რამაც, თავის მხრივ, ხელი შეუწყო ამ რეკლამების მონიტორინგის სისტემების გაუმჯობესებას. წარმატების წრედიც ასე შეიკრა: რაც უფრო მეტი ფული იდება პოდკასტებში, მით უფრო ვითარდება ეს სივრცე და მეტ ფულსაც იზიდავს. ასეა თუ ისე, სპოტიფაიმ დროულად იგრძნო ახალი პოტენციალი და ის თავის სასიკეთოდაც გამოიყენა.

სპოტიფაიმ პოდკასტების მწარმოებელი სამი კომპანია (გიმლეტ მედია, ენკორი და პარკასტი) შეიძინა, რათა საკუთარი დაეხვეწა და განევითარებინა. შედეგებმაც არ დააყოვნა: მომხმარებელთა მონაცემების ანალიზის ეფექტიანი სისტემის წყალობით, ის უკვე ეპლის მხარდამხარ იბრძვის პირველობისთვის; გააჩნია, რა კუთხით შეხედავ არსებულ . ბევრის აზრით, მიუხედავად იმისა, რომ ეპლი პირველ ადგილს ინარჩუნებს, მოკლე ვადაში სპოტიფაის აუდიტორიის ზრდის მაჩვენებელი მისთვის იმედისმომცემად გამოიყურება. 2019 წლის მეოთხე კვარტლის მონაცემების თანახმად:

  • აპლიკაციის ფასიან მომხმარებელთა რაოდენობა 29%-ით გაიზარდა და 125 მილიონი შეადგინა;

  • პოდკასტების მსმენელთა რაოდენობამ 200%-ით მოიმატა.

წინათგრძნობაც ასეთი უნდა!



ტიკტოკი (TikTok)

მეორე ყველაზე ხშირად გადმოწერილი უფასო აპლიკაცია 2019 წელს

https://lh3.googleusercontent.com/cZ9Nl4zgGRZdZMmXGtjYkjDtoK-MUo40mboBTLfPdzcWymIF7bzlmgjH2LoYco9GB5N2XkTdMwccp_btU6lQQ8Xu_s1_F_NKa7Uaptc1fTMn99INvBMYMc1W48NV3n7DAcufOiv-

როცა გვეგონა, რომ სოციალური მედიის ბაზარი ინდუსტრიის გიგანტებს უკვე საფუძვლიანად ჰქონდათ გადანაწილებული, გამოჩნდა ახალი აპლიკაცია, რომელმაც სულ მალე საყოველთაო ყურადღება მიიპყრო.

ვიდეოების შექმნისა და გაზიარების პლატფორმა ტიკტოკი 2019 წელს მეორე ადგილზე გავიდა ყველაზე ხშირად გადმოწერილ უფასო აპლიკაციებს შორის. რაც შეეხება აქტიურობას, იმავე 2019 წელს მან საგრძნობლად გაუსწრო ინსტაგრამსა და ტვიტერს.

ბაზარზე თავისი ადგილის პოვნა ტიკტოკს არ გასჭირვებია: სხვადასხვა ტიპის აუდიოების ფონზე ნებისმიერს შეუძლია 15-წამიანი სახალისო და მაღალხარისხიანი ვიდეოპროდუქტის შექმნა. აპლიკაციამ წარმატებულად ისარგებლა ვიდეოების მიმართ მზარდი ინტერესით ისევე, როგორც სპოტიფაიმ − პოდკასტებით.

თუმცა, ასეთი მაღალი აქტივობის მთავარი საიდუმლო ალბათ მაინც მის ბრწყინვალე დიზაინსა და ხელოვნური ინტელექტის ალგორითმებში იმალება.

პლატფორმაზე ნავიგაციის გამარტივებისთვის ტიკტოკის ინტერფეისი ისეა მოწყობილი, რომ მთელს ეკრანზე კონტენტის უწყვეტი ნაკადიდან თავის დაღწევა მართლაც რთული ამბავია. ინტერაქციული დიზაინის ემატება ხელოვნური ინტელექტის ალგორითმი, რომელიც მომხმარებლის ქცევის ანალიზის საფუძველზე თავად სთავაზობს მას რელევანტურ ვიდეოებს. აპლიკაციის სიზუსტით მონუსხული და ცნობისმოყვარეობით შეპყრობილი მომხმარებელი სულ იმის ფიქრშია, რას უმზადებს ტიკტოკი შემდეგ ვიდეოში.



ინფლუენსერი (Influencer)

ყველაზე გავლენიანი მარკეტინგული კამპანიებისთვის

https://lh6.googleusercontent.com/beB-juSrgN8UXCwHfFpGo0DxS_U5q_gBcio7Ge4DFIDm6ieIknoGJ1t1u4lV7vEHrQlaSj9q3LDJfkAU9Y_frsH1xR4yJ3HtzcH0VX-MQeZT0YKveDvkKICynCdC4KqRVHFvJOkP

როცა საქმე ამა თუ იმ პროდუქტის ცნობადობის გაზრდას ეხება, ინფლუენსერების მნიშვნელობაზე აღარავინ დავობს. სოციალური ქსელების „ვარსკვლავების“ ერთ სივრცეში თავმოყრა და ორგანიზებულად ჩართვა დამკვეთის კამპანიაში შესანიშნავი ბიზნესიდეა გამოდგა. პლატფორმა influencer.com ბაზარზე 2017 წელს გამოჩნდა და მისი პოპულარობა დღითიდღე იზრდება: მას უკვე ენდობიან ისეთი ავტორიტეტიანი კომპანიები, როგორებიც მაკდონალდსი, სტარბაქსი და პანტენი არიან.

ინფლუენსერის ბიზნეს მოდელის შესახებ ალბათ ისედაც გეცოდინებათ, რადგან მისი ანალოგები საქართველოშიც გვხვდება. თუმცა, ინფლუენსერის აშკარა უპირატესობად უნდა ჩაითვალოს ყოველ ცალკეულ კამპანიაში მომხმარებელთა ქცევის აღრიცხვის ეფექტიანი სისტემის შემუშავება.

მონაცემთა ზღვა რაოდენობაზე დაყრდნობით შესაბამისი ქულები ენიჭება მოწონებას, გაზიარებას, შენახვას და ა.შ. ეს ბევრად უფრო ზუსტ მონაცემებს იძლევა, ვიდრე ინტერაქციის მშრალი შეფასება.

მიმდინარე წელს Influencer.com-ის დამფუძნებლები, ბენ ჯეფრი და კასპარ ლი, „ფორბსის“ მიერ გამოქვეყნებულ 30 წლამდე ასაკის წარმატებულ ბიზნესმენთა სიაშიც კი აღმოჩნდნენ, რაც სულ რაღაც 24 საათში სამმილიონდოლარიანი დაფინანსების მოპოვებამ და მონაცემებზე დაფუძნებულმა ეფექტიანმა სისტემამ განაპირობა.



უბერი (Uber)

ერთი სიტყვა: რობოტაქსები

https://lh5.googleusercontent.com/AZRSuAfrwRHxuVOmCZE3IIQt8MrU3fOOi_gujgqQPhUaSqhP4KE2qav6xjfetZbOa8dmEZsu1tYGs5kUAv93dlxH6TXxf9rgmlpyQovXczVv0VdfFLyNZFcyv9gyH3Aa9yZs7E8-

უბერი, საზიარო ტაქსების საერთაშორისო კომპანია, აქ ჩამოთვლილი სხვა კომპანიებისგან განსხვავებით, არცთუ სახარბიელო ფინანსურ მდგომარეობაშია. ამ პრობლემის მოგვარებას ის რობოტაქსების, ანუ უმძღოლო მანქანების, წარმოებით აპირებს.

მომსახურების არეალის გაზრდასთან ერთად რობოტაქსების გამოყენება საგრძნობლად შეამცირებს კომპანიის ხარჯებსაც, რადგან მას ოპერირებისთვის სულ უფრო ნაკლები პერსონალი დასჭირდება.

პირველი ავტონომიური მოდელი კომპანიამ 2016 წელს გამოუშვა და მას შემდეგ მისი განვითარება არ შეუწყვეტია. თავისი სისტემის კიდევ უფრო მეტად დახვეწის მიზნით შარშან უბერმა შეისყიდა ხელოვნური ინტელექტის კომპანია Mighty AI.

ავტონომიური მანქანები დიდწილადაა დამოკიდებული კომუნიკაციების სექტორის ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი სფეროს, ხელოვნური ინტელექტის, განვითარებაზე:

  • კომპიუტერული ხედვის მეშვეობით სისტემას შეუძლია, რეალურ დროში აღიქვას სხვადასხვა ობიექტები, რაც აუცილებელია ნავიგაციისთვის;

  • მექანიკური სწავლების წყალობით და წინასწარ შეგროვებულ მონაცემებზე დაყრდნობით სისტემა „სწავლობს“ადეკვატურად მოქცევას ამა თუ იმ საგზაო სიტუაციაში.

უბერის რობოტაქსები საგამოცდო რეჟიმში მოძრაობენ აშშ-ის სხვადასხვა ქალაქში და უკვე მილიონობით მილი აქვთ გავლილი. მაგრამ უმძღოლო მანქანების წარმოება მაინც იმაზე პრობლემური გამოდგა, ვიდრე ელოდნენ და უბერთან ერთად სხვა კომპანიებმაც გადააცილეს ასეთი მანქანების ექსპლუატაციის დასაწყებად თავდაპირველად განსაზღვრულ ვადებს.



გუგლის სტადია (Google Stadia)

ყველაზე სწრაფი კლაუდგეიმინგის პროვაიდერი

https://lh5.googleusercontent.com/GjekFGbgRMe27zKSSUQZfEIeWr6fyjkuD6D9zWveODG8SSPP9j6IHcdibb7pQn035V-hzS7Ur8d9wTo-vSDZVXpb1c7QjS8x-WpSpNLhJRVyzxv50TPGgI8VIDzftj_4g92oawH5

მოდი, ჩვენი ჩამონათვალი იმ უახლესი საკომუნიკაციო სისტემის პოტენციალის დემონსტირებით დავასრულოთ, რომელზეც დღეს ყველა საუბრობს.

კლაუდგეიმინგი სიახლეს არ წარმოადგენს, მაგრამ, მნიშვნელოვანი ფინანსური უპირატესობის მიუხედავად, მისი ტექნიკური შესაძლებლობები შეზღუდულია.

ეს არის კომპიუტერული თამაშების ისეთი სისტემა, რომლისთვისაც არც მძლავრი კომპიუტერია საჭირო და არც ძვირადღირებული თამაშების ახალ-ახალი ვერსიების შეძენა. ყველაფერი კლაუდის სერვერებზე ხორციელდება და თამაშისთვის სავსებით საკმარისია ჩვეულებრივი ლეპტოპი, ტაბლეტი ან, სულაც, მობილური ტელეფონი.

მიუხედავად ასეთი უპირატესობებისა, კლაუდგეიმინგის მთავარი პრობლემა ინტერნეტია. მართალია, 4G-ინტერნეტი ჩვენი ბრაუზერებისთვის სრულებით საკმარისია, მაგრამ გეიმინგს მეტი სიმძლავრე სჭირდება და სწორედ აქ იჩენს თავს 5G-ინტერნეტის უნიკალური შესაძლებლობები.

გუგლის სტადია კლაუდგეიმინგის ერთ-ერთი ცნობილი სერვისია, რომელიც საკუთარ თავს „გეიმინგის ნეტფლიქსსაც“ კი უწოდებს. მისი კომპიუტერული თამაშების კონსოლი პირდაპირ უერთდება სმარტფონს, ტაბლეტს ან კომპიუტერს.

29 იანვარს სტადიამ საგულისხმო წარმატება მოიპოვა: ტელეკომუნიკაციების ამერიკულ გიგანტ ვერაიზონთან (Verizon Wireless) გააფორმა ხელშეკრულება, რომლის წყალობითაც მსურველებს 5G კლაუდგეიმინგის მომსახურებას სთავაზობს. ასე რომ, ვისაც 5G-ინტერნეტზე ხელი მიუწვდება, უკვე შეუძლია, კლაუდგეიმინგის უპირატესობებითაც ისარგებლოს.

მიუხედავად იმისა, რომ 5G-ინტერნეტის წყალობით უმძღოლო მანქანებიც საგრძნობლად დაიხვეწება, მისი შესაძლებლობების ყველაზე სწრაფი და ფართომასშტაბიანი დემონსტრირება, სავარაუდოდ, სწორედ კლაუდგეიმინგის სფეროში მოხდება.

პროგნოზები მომავალ წლებში კლაუდგეიმინგის საბაზღო ღირებულების შესახებ საკმაოდ განსხვავდება ერთმანეთისგან, თუმცა ფაქტი ერთია - ყოველი მათგანი სერვისის გამოყენებადობის ზრდის საოცარ მაჩვენებლებს წინასწარმეტყველებს.

ანა მიქატაძე

რეკომენდაციები

26 ნოემბერი

5G - ახალი შესაძლებლობების სამყარო

სიახლეები საზოგადოებას ხშირად აშინებს, აბნევს და ეჭვებს უჩენს, ამიტომ არ უნდა გაგვიკვირდეს ის ფაქტი, რომ ისეთი ინოვაციის დანერგვაში, როგორიც უსწრაფესი 5G ინტერნეტია, საზოგადოების ნაწილმა საფრთხე დაინახა და ამ შეგრძნებამ ისე მოიცვა, რომ კითხვის - „რა სარგებელს მოიტანს ეს უკანასკნელი?“ დასმაც არ ჩათვალა საჭიროდ და ბოლო თაობის ინტერნეტკავშირი უპირობო მტრად მიიღო.
25 ივნისი

მოუსვენრობა წარმატებისთვის: როგორ ცვლიან სამყაროს წამყვანი კომპანიები განვითარებული კომუნიკაციების წყალობით

​​​​​​​​​​​​​​მხოლოდ კომუნიკაციების სექტორის უნიკალურ შესაძლებლობებზე საუბრისას თუ გავაერთიანებდით ახალბედა ტიკტოკსა და ბებერ გუგლს, მუსიკალურ პლატფორმა სპოტიფაისა და საზიარო ტაქსების სერვის უბერს.